საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ა(ა)იპ ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურ ანსამბლ „ნართებს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა.

ანსამბლს გადაეცა 10 კომპლექტი ჩოხა-ახალუხი, რისთვისაც კულტურის სამინისტრომ გამოყო 9 460 ლარი. ახალი სასცენო სამოსი ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“ დაამზადა.
ა(ა)იპ ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართები“ შეიქმნა 2007 წელს. მიმდინარე ოკუპაციის გამო ანსამბლი იძულებული გახდა, სოფელ ქურთის კულტურის სახლი დაეტოვებინა და ფუნქციონირება თბილისში გაეგრძელებინა.


„ნართები“ ამჟამად სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მმართველობის სფეროში მოქმედი ანსამბლია, რომელიც ადმინისტრაციის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით ვითარდება.
ანსამბლს წილად ხვდა რთული, მაგრამ წარმატებული გზა, რომელმაც ქართული და ოსური კულტურის დამცველ ანსამბლს პოპულარობა მოუპოვა, როგორც საქართველოში, ისე - უცხოეთში. ამას მოწმობს თურქეთის ქალაქ ბურსაში გამართულ ფესტივალზე გრან-პრის მიღება, ასევე - გერმანიასა და ესპანეთში გამართულ ფესტივალებზე მოპოვებული პირველობა და გრან-პრი. ანსამბლმა არაერთი საქველმოქმედო სოლო კონცერტი ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და კვლავაც აქტიურად მართავს ქართულ-ოსური კულტურის საღამოებს.
აღსანიშნავია, რომ ანსამბლი „ნართები“ მიწვეულია 2024 წლის ლევილის ქართულ ფესტივალზე, რომელიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მეორედ იმართება.


ინფორმაციისთვის: შესაფერისი ხარისხის, ინდივიდუალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობა სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე არსებული ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა.


დაახლოებით 15 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ანსამბლებისთვის ახალი სამოსი არ შეუძენია. სწორედ ამიტომ კულტურის სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერში გამოყო 197 999 ლარი და გამოაცხადა პირველი ტენდერი.
შედეგად 2022 წლის პირველ ნახევარში სასცენო სამოსი (70 კაბა და 277 ჩოხის კომპლექტი) შეიკერა 12 ანსამბლისა და ორი სოლისტისთვის, კერძოდ, ანსამბლების: „ბერმუხას“, „ბასიანის“, „დიდგორის“, „სახიობის“, „ძირიანის“, „შილდის“, „ჩვენებურების“, „რიჰოს“, „ერისიონის“, „რუსთავის“, „სუხიშვილების“, მესტიის სალოტბარო სკოლისა და სოლისტების - ტრისტან სიხარულიძისა და ლელა თათარაიძისთვის.
იმავე წელს სამინისტრომ გამოყო 133 360 ლარი, რის შედეგადაც მომდევნო წელს დამზადდა სასცენო სამოსი კიდევ რვა ფოლკლორული ანსამბლის: „შავნაბადას“, „ადილეის“, „იალონის“, „მარგალიტის“, „გურჯაანის“, „მთიების“, „სათანაოსა“ და ქ. ინეგოლის (თურქეთის რესპუბლიკა) ანსამბლისთვის.
2023 წელს სასცენო სამოსი დამზადდა (117 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი, ექვსი ხევსურული ჯუბა და 52 კაბის კომპლექტი) კიდევ ათი ანსამბლისთვის.


2023 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება სამინისტრომ 2024 წლიდან დაიწყო.
მიმდინარე წელს სასცენო სამოსი უკვე გადაეცა: სსიპ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასს, კვინტეტ „ურმულს“ (ფიზიკური პირი ნუგზარ ქავთარაძე), სსიპ საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების ქორეოგრაფიულ ანსამბლ „როკვას“, სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“, ა(ა)იპ „თუთარჩელა 2004“-ს, ა(ა)იპ-ს, ანსამბლს - „მე, რუსთველი“, ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლებს.


დაგეგმილია სამოსის გადაცემა ა(ა)იპ სამეფო ნაციონალური ბალეტის დასისათვის.
ეს ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია.