„ლაზარეს საერთოდ არ ახსოვს ის მომენტი, როგორ მოხვდა საავადმყოფოში. გუშინ რომ გაახილა თვალები, ვეკითხებოდი [ახსოვდა თუ არა]. ბავშვმა თქვა, აქ როგორ მოვხვდიო. არ აქვს ეს მახსოვრობა შენახული, რაც, ამ ეტაპისთვის, მისი ჯანმრთელობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგია“, - ასე უპასუხა ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის, ლაზარეს ახლობელმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა კოტე ზარნაძემ „იმედი LIVE-ის“ ეთერში დასმულ კითხვას გადარჩენილი მოზარდის მდგომარეობის შესახებ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ბავშვს მომხდარის შესახებ ინფორმაცია ისეთი ფორმით მიეწოდოს, რომ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტრავმა არ მიიღოს. „იმაზეც ფიქრობს ოჯახი ახლა, როგორ მიაწოდოს ეს ინფორმაცია. თავისთავად, ამ ინფორმაციას გაიგებს... ახლა ლაზარეს ოჯახისთვის მთავარი ამოცანაა ის, თუ როგორ მიაწოდოს ეს ინფორმაცია ისე, რომ ამან ბავშვში ფსიქოლოგიური ტრავმა არ გამოიწვიოს, ფსიქოლოგიურად არ დაითრგუნოს თავი“, - განაცხადა კოტე ზარნაძემ. მისივე თქმით, ბავშვი უკვე დამოუკიდებლად გადაადგილდება. „ახლა ვიყავი ლაზარესთან სახლში. ვნახე, კარგად არის. თავისი ფეხით გადაადგილდება. ცოტა უჭირს, ამდენი დამაძინებელი წამლებისა და ანტიბიოტიკების ფონზე, ეს ნორმალურია, მაგრამ გადაადგილდება, ჭამს... ყველაფერი ახსოვს იმ ფაქტამდე, რაც მოხდა. აბსოლუტურად ყველაფერი ახსოვს იქამდე, ვიდრე ეს მოხდებოდა, მაგრამ დღეს ბევრად კარგი მდგომარეობა აქვს, ვიდრე გუშინ ჰქონდა“, - განაცხადა კოტე ზარნაძემ. ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.