დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის ჯარიმების გაზრდას.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობები დიდ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში.
„წინა მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებთან დაკავშირებით და მაშინ ვთქვი, რომ კიდევ უფრო მეტი პრევენციისთვის ჯარიმების გაზრდის ინიციატივით მივმართავდით პარლამენტს. არის შემთხვევები, როცა კონკრეტული პირები იღებენ მშენებლობის ნებართვას, იწყებენ მშენებლობას, თუმცა შემდგომ გარკვეული მიზეზების გამო ვერ აგრძელებენ სამშენებლო პროცესს. ასეთი ობიექტები იერსახის თვალსაზრისითაც ძალიან ცუდია და ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვისაც დიდ დისკომფორტს წარმოადგენს. შესაბამისად, გვინდა, რომ ეს ყველაფერი დავარეგულიროთ, მოვაწესრიგოთ. კონსერვაციას აქვს თავისი წესები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ წარმოადგინა ისეთი მშენებლობების ფოტომასალა, სადაც კონსერვაციის წესები ნაწილობრივ ან საერთოდ არაა დაცული.
მისივე თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას. კერძოდ, I და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 5 000 ლარის ნაცვლად, იქნება 15 000 ლარი; III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 100 000 ლარი.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც საჭიროა სანქციების გამკაცრება. შესაბამისად, მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის ჯარიმების გაზრდას - I და II კლასის შემთხვევაში 3-ჯერ, ხოლო III და IV კლასის შემთხვევაში 5-ჯერ.
კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით: კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის ექვს თვეზე მეტი ვადით კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება:
- I და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 5 000 ლარის ნაცვლად, იქნება 15 000 ლარი;
- III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 100 000 ლარი.
ჩვენ ამ კანონპროექტსაც გადავუგზავნით პარლამენტს და დიდი იმედი გვაქვს, ისინი აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. პროექტის მიზანი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უკანონო მშენებლობების მაქსიმალურად აღკვეთა, ხელის შეშლა და მისი სახით, ერთგვარი პრევენციული მექანიზმის შემოღებაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.