თბილისის მერმა კახა კალაძემ გამარჯვება მიულოცა რვა წლის მარიამ რეხვიაშვილს, რომელიც ჭადრაკში ევროპის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

პატარა ჩემპიონის გამარჯვების შესახებ მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.


„მინდა, ერთი სასიხარულო ინფორმაცია მოგაწოდოთ: ამ დღეებში ალბანეთის ქალაქ დურესში დასრულდა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც თბილისის მერიის ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის სკოლის აღსაზრდელი, 8 წლის მარიამ რეხვიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. 
მინდა, მადლობა გადავუხადო მარიამის მწვრთნელს, ბატონ იოსებ კვირიაშვილს. ასევე, მინდა, მარიამს მივულოცო, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი წარმატებები ჩვენი ქვეყნისთვის, მომავალი თაობებისთვის.  როგორც ვიცი, მარიამი ასპარეზობის დროს ავად გახდა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც შეძლო ოქროს მედალი მოეპოვებინა“, - განაცხადა თბილისის მერმა. 
მისივე ინფორმაციით, ქართველმა მოზარდებმა ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 
„ვულოცავთ ჩვენს მოჭადრაკეებს მიღწეულ წარმატებას და მარიამს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სპორტში გვაქვს ძალიან დიდი მიღწევები და წარმატებები, რაც თითოეულ ქართველს, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს სიამაყის გრძნობას გვიმაღლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.