თბილისის მერია კახა კალაძე კიდე ერთხელ გამოეხმაურა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის გაკეთებულ განცხადებას და მას უსამშობლო, მონური მენტალიტეტის ადამიანი უწოდა.
"სამარცხვინო განცხადებაა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის უსამშობლო ადამიანი, ადამიანი, რომელსაც სამშობლო არ აქვს. შესაბამისად არის მონური მენტალიტეტის ადამიანი და თვითონ შინაარსობრივად ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, რა განცხადებაც იქნა მისი მხრიდან გაკეთებული და გამოქვეყნებული. ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი და მოვუწოდებ ყველას, არავინ გაბედოს მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და ასე შემდეგ" – განაცხადა კახა კალაძემ ფადი ასლის განცხადების საპასუხოდ.
ცნობისთვის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლის განაცახადა: "თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა. კითხვა, რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა, გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ თუ მინდა, ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“