„ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციას რამენაირად ხელი შეუშალონ და ჩაშალონ გადაწყვეტილებები სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის გამიზნულად შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის ამოცანაა 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში არა ჩართვა, არამედ, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებით, მისთვის ხელის შეშლა.
„ეს ადამიანები არიან საბოტაჟის რეჟიმში და თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს არის საბოტაჟი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ჩვენ ვისმენთ მათ ფარისევლურ განცხადებებს, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი.
თქვენ იცით, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო პოლარიზაციის შემცირება და ეს ადამიანები ამ პოლარიზაციას პირიქით აღრმავებენ. არაფერში მონაწილეობა არ მიუღიათ. არათუ მხარდაჭერა და დახმარება, დარბიან ბრიუსელში და ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს მომავალს, ევროინტეგრაციას რამენაირად ხელი შეუშალონ და ჩაშალონ გადაწყვეტილებები სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.