ბოლო პერიოდში ელექტროენერგიის ხშირი და ხანგრძლივი გათიშვები, ისევე როგორც წყლის და ზოგჯერ ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემები, კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ სანამ მომსახურების მიმწოდებლები რეალურად არ იქნებიან პასუხისმგებელი მოქალაქის წინაშე იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომლებიც მათ ეკისრებათ, ბევრი არაფერი შეიცვლება. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი,კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"თუ მოქალაქე ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, ინტერნეტის ან სხვა აუცილებელი მომსახურების საფასურს დროულად არ გადაიხდის, მას შეიძლება დაერიცხოს საურავი, ჯარიმა ან შეუწყდეს მომსახურება. ეს ბუნებრივია, მოქალაქემ საკუთარი ვალდებულება უნდა შეასრულოს. მაგრამ თუ მოქალაქეს აქვს პასუხისმგებლობა, შესაბამისი პასუხისმგებლობა მომსახურების მიმწოდებელსაც უნდა ჰქონდეს.
ეს საკითხი ჩემთვის ახალი არ არის. როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, სწორედ ამ თემაზე კომიტეტის სხდომაზე მოწვეული გვყავდა ენერგეტიკის ომბუდსმენი და სემეკის ხელმძღვანელობა. საკითხზე მაშინაც ვმსჯელობდით, თუმცა წლების შემდეგ პრობლემა კვლავ რჩება.
საუბარი მხოლოდ მომსახურების შეწყვეტაზე არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მომსახურების ხარისხიც. წყალი უნდა აკმაყოფილებდეს სანიტარულ და ტექნიკურ სტანდარტებს, ბუნებრივი აირი უსაფრთხოდ და სტაბილურად უნდა მიეწოდებოდეს მომხმარებელს, ელექტროენერგიის ძაბვა არ უნდა მერყეობდეს ისე, რომ ამან საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანება გამოიწვიოს, ხოლო ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს იმ მომსახურებას, რომლისთვისაც მომხმარებელი თანხას იხდის.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი პრინციპი. მოქალაქის წინაშე პასუხისმგებელი უნდა იყოს ის კომპანია, რომელიც მას უშუალოდ აწვდის ელექტროენერგიას, ბუნებრივ აირს, წყალს, ინტერნეტს თუ სხვა მომსახურებას. მომხმარებელს არ უნდა უწევდეს იმის გარკვევა, სად და ვის გამო შეიქმნა პრობლემა, რომელიმე დანადგარი გამოვიდა მწყობრიდან, სადენი დაზიანდა, მილი გასკდა თუ მომსახურების მიმწოდებელი მისმა მომწოდებელმა დააღალატა. მოქალაქე თანხას უხდის კონკრეტულ კომპანიას და მის წინაშეც სწორედ ეს კომპანია უნდა იყოს პასუხისმგებელი მომსახურების მიწოდებაზე.
თუ შეფერხება სხვა კომპანიის, მომწოდებლის, კონტრაქტორის ან ქსელის რომელიმე რგოლის ბრალით მოხდა, ეს უკვე მათი ურთიერთობის საკითხია. შემდეგ თავად გაარკვიონ, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება, ვინ ვის მიაყენა ზიანი და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოშიც იდავონ. მოქალაქეს არ უნდა ეუბნებოდნენ, რომ პრობლემა სხვაგან მოხდა და ამიტომ მომსახურების მიმწოდებელი არაფერ შუაშია. სწორედ ასეთი პასუხისმგებლობა აიძულებს კომპანიებს, თავადაც უფრო მომთხოვნები იყვნენ საკუთარი მომწოდებლებისა და პარტნიორების მიმართ, უკეთ აკონტროლონ სისტემა და მეტი ყურადღება მიაქციონ მომსახურების ხარისხს.
ევროპის არაერთ ქვეყანაში, თუ მომსახურების ხარისხის დადგენილი სტანდარტები ირღვევა, მომხმარებელს კომპენსაცია ეკუთვნის, რიგ შემთხვევებში კი იგი ავტომატურად ერიცხება. ვფიქრობ, საქართველოშიც მსგავსი მექანიზმი უნდა არსებობდეს. თუ მომსახურება კომპანიის პასუხისმგებლობით შეწყდა ან დადგენილ ხარისხს არ შეესაბამებოდა, მომხმარებელს კომპენსაცია ავტომატურად უნდა დაერიცხოს საკუთარ სააბონენტო ანგარიშზე, ყოველგვარი განცხადების, დამატებითი პროცედურებისა და სასამართლოში სიარულის გარეშე.
ეს არ არის ვინმეს დასჯა. ასეთი სისტემა კომპანიებსაც აიძულებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მომსახურების უწყვეტობასა და ხარისხს.
მოქალაქეს ასევე უნდა შეეძლოს მარტივად ნახოს, რამდენჯერ და რა ხანგრძლივობით შეწყდა კონკრეტული კომპანიის მომსახურება, რამდენი საჩივარი შევიდა და რამდენ შემთხვევაში დაერიცხა მომხმარებელს კომპენსაცია.
პასუხისმგებლობა ყველას უნდა ჰქონდეს, მოქალაქესაც, მომსახურების მიმწოდებელსაც, მარეგულირებელსაც და სახელმწიფოსაც. თუ მოქალაქისგან ვალდებულების შესრულებას ვითხოვთ, იგივე პრინციპი უნდა მოქმედებდეს მეორე მხარის მიმართაც." - წერს კახა კახიშვილი "ფეისბუკში".








