ქობულეთში, ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: 

„ჯანდაცვის სამინისტრო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქობულეთის კლინიკის თანამშრომლებს და მკაცრად გმობს სამედიცინო პერსონალის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

ექიმების, სამედიცინო პერსონალის შეურაცხყოფა, მათზე ფიზიკური ძალადობა და პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლა კატეგორიულად მიუღებელია. ისინი ყოველდღიურად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ასრულებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას და მათი საქმიანობა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.

სამედიცინო დაწესებულებაში ძალადობის ნებისმიერი ფორმა დაუშვებელია და თითოეული ასეთი ფაქტი შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს“, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ქობულეთში, ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტმა და მისმა მეგობარმა სამედიცინო პერსონალს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ორივე პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.