ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე, ინსულინით უზრუნველყოფის პროგრამაში შესულ ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც პრეპარატ „ნოვორაპიდით“ მკურნალობა, ამ ეტაპზე, გაგრძელდება მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული ინსულინით „აპიდრა“.

მშობლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის შესახებ. ენდოკრინოლოგების განცხადებით, „ნოვორაპიდიცა“ და „აპიდრაც“, მაღალი ხარისხის მედიკამენტებია და ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლა, პაციენტებისთვის, ექიმების აქტიური ზედამხედველობის შემთხვევაში, უმტკივნეულო და უსაფრთხო იქნება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მედიკამენტი „აპიდრა“ საქართველოში ხელმისაწვდომია და მიწოდების კუთხით, არანაირი შეფერხება არ არის მოსალოდნელი. ამასთან, მინისტრის განცხადებით, გრძელდება მოლაპარაკებები, რომ „ნოვორაპიდის“ მწარმოებელმა კომპანია Novo Nordisk-მა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და მედიკამენტით უზრუნველყოფა უახლოეს პერიოდში შეძლოს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი ირმა ზავრადაშვილი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.