მსჯავრდებულთა და თანამშრომელთა უფლებების მაქსიმალური რეალიზაციის მიზნით იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ქსანში №10 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალაშენებული ინფრასტრუქტურა გახსნა.

დაწესებულებაში მოეწყო იუსტიციის სახლი, ადვოკატებთან შეხვედრის ოთახები, აშენდა საამანათო, ხანგრძლივი და მოკლევადიანი პაემნების, საშვების და ვიდეოპაემნის სივრცეები.

დაწესებულებაში გახსნილი იუსტიციის სახლის სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებით როგორც პატიმრები, ისე თანამშრომლები შეუზღუდავად ისარგებლებენ. ეს რიგით მე-6 იუსტიციის სახლია, რომელიც პენიტენციურ სისტემაში გაიხსნა. აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა და მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს შეეძლებათ, ისარგებლონ სრულიად ახალი და კომფორტული ინფრასტრუქტურით, რომელიც ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებისთვის მოეწყო. სივრცეები აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ინვენტარით. მსჯავრდებულებს პაემნის სივრცეებით უფასოდ სარგებლობის საშუალებას 2024 წელს ამოქმედებული პენიტენციური კოდექსი აძლევს.

№10 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი ინვენტარით და ტექნიკით აღიჭურვა საამანათო სივრცეც, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს დაწესებულებაში აკრძალული ნივთების მოხვედრის შესაძლებლობას.

საშვების სივრცეში დამონტაჟდა ახალი სკანერი, რომლითაც დაწესებულებაში შემსვლელ პირთა შემოწმება ხორციელდება. ასევე, მოეწყო ცალკე ოთახი დაწესებულებაში მისული ვიზიტორების ფიზიკური შემოწმებისთვის.

ახალი ინფრასტრუქტურის გახსნის ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე ესწრებოდნენ.