საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ევროპის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე. ქართულმა მხარემ გერმანელ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არსებულ პროგრესზე.
რატი ბრეგაძემ ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო სრულად გაუწევს კოორდინაციას ამ პროცესს. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი უკვე განიხილავს და უახლოეს პერიოდში ამოქმედდება სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ელექტრონული პლატფორმა.
აღინიშნა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.
დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრიდან მიღებული შთაბეჭდილებები იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციებს, ძალიან პოზიტიურია და ქვეყანაში ამ მიზნით მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს.
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს გერმანიის ურყევი მხარდაჭერა ექნება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გერმანიასთან მჭიდრო სექტორული თანამშრომლობა აკავშირებს, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2022 წლის სექტემბერში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გერმანიაში ვიზიტის შემდგომ. კერძოდ:
Ø გაფორმდა 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის;
Ø გაძლიერდა პარტნიორული ურთიერთობები პენიტენციურ სფეროში პროფესიული გადამზადების კურსების დახვეწის მიმართულებით;
Ø სანოტარო სფეროში დაიწყო გამოცდილების გაზიარების ინტენსიური პროცესი და გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი;
Ø დაფუძნდა ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი და პირველად ის მიმდინარე წლის 5-6 ივლისს გაიმართება თბილისში.