იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა  „საჯარო სამსახურის შესახებ“  კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად  სტაჟირება  ანაზღაურებადი გახდება.

როგორც კანონპროექტის ავტორმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ  გივი მიქანაძემ აღნიშნა, შარშან, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ინიცირება მოახდინა  და პარლამენტმა დაამტკიცა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სტაჟირება უკვე სტაჟშია ჩათვლილი, თუმცა მაშინ ვერ მოხერხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ სტაჟირება ყოფილიყო ანაზღაურებადი.

„ჩვენ გავაგრძელეთ კონსულტაციები შესაბამის სამინისტროებთან, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ფინანსთა სამინისტროსთან, სხვადასხვა უწყებასთან და მივაღწიეთ ერთიან პოზიციას, სრულ თანხმობას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონში შევიდეს ცვლილება, რომლითაც ყველა სტაჟიორი მიიღებს შესაბამის ანაზღაურებას. ეს ანაზღაურება გათანაბრებულია კონკრეტული საჯარო მოხელის ანაზღაურებასთან. კონკრეტულად, საუბარია საჯარო დაწესებულების მე-3 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილ პირველ სახელფასო კოეფიციენტზე, რაც დაახლოებით 400-500 ლარს შეადგენს. თუმცა, ვითვალისწინებთ, რომ ჩვენ გვაქვს კანონი დეფიციტური პროფესიების  შესახებ, ამ მიმართულებით, თუკი ამ პროფესიის პირი შესაბამისი მიმართულებით იქნა სტაჟირებაზე აყვანილი, უწყებას შესაძლებლობა აქვს, რომ მას დაუნიშნოს საჯარო დაწესებულების მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი მე-2 სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისი ოდენობა, რაც დაახლოებით 1000 ლარს შეადგენს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში, ცვლილება ძალაში მომავალი წლის 1 იანვრიდან შევა. 
კანონპროექტის ინიციატორია ფრაქცია ,,ქართული ოცნება“.