დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის იუნკერებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ისინი სწავლას საქართველოს დავით აღამშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გააგრძელებენ.

საზეიმო ღონისძიებას აკადემიის ხელმძღვანელები, იუნკერების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა საგანმანათლებლო სისტემაში აკადემიის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აკადემიის სტუდენტები  სამხედრო საქმის გარდა,  სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ლიდერობას შეისწავლიან. დასასრულს, მათ იუნკერებს კურსის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. 

აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა დავით კასრაძემ ფიცის დადების შემდეგ იუნკერები დალოცა, აკადემიის ხელმძღვანელობამ კი, წარჩინებული იუნკერები   საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

იუნკერები თავდაცვის აკადემიაში ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად ჩაირიცხნენ. პირველ ეტაპზე მათ გაიარეს საწყისი საბრძოლო მომზადების 5-კვირიანი კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მომდევნო 4-წლიანი სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.