თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ წლიური ანგარიში წარადგინა.
საკრებულოს წევრმა კომისიის ასევე დეპუტატის წარმომადგენლობის ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამა და ნაძალადევის რაიონის მცხოვრებლებს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც ირაკლი ხელაძემ აღნიშნა, 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის 26 სხდომა ჩატარდა, რომლებზეც 334 საკითხი განიხილეს. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტზე და რამდენიმე ცალკეული პროექტის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 1 632 132,6 ათას ლარს შეადგენდა, რაც 2022 წელთან შედარებით 326 714,4 ათასი ლარით მეტია. მიმდინარე წლის ბიუჯეტი გაიზარდა და ბოლო ცვლილებებით, 1 833 083,6 ათას ლარს შეადგენს. მისი თქმით, დამატებითი თანხები მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას და ქალაქისთვის საჭირო სამუშაოებს მოხმარდება.
ირაკლი ხელაძემ მის, როგორც საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, მიერ გაწეულ საქმიანობაზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაზე. აღნიშნა, რომ მუდმივად აქვს მოქალაქეებთან შეხვედრები და მაქსიმალურად ცდილობს თითოეულ ადამიანს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატმა 2023 წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებაც ისაუბრა. აღნიშნა, რომ გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ამ დროისთვის 21 მილიონამდე ლარია ათვისებული. აქედან დაახლოებით 7 მილიონი ლარი დაიხარჯა სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოქალაქეების დასახმარებლად.
ანგარიშის წარდგენას დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ნაძალადევის რაიონის გამგებელი და ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.