თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ მულტიფუნქციური პროექტის კრიტიკას გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი ხელაძემ განაცხადა, ოპოზიცია როგორც ყოველთვის, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებითაც არგუმენტმოკლებულ განცხადებებს აკეთებს და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც ქართული ოცნება ახორციელებს, უარყოფითად აფასებს.

„ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს თავიანთი განცხადებებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. ისინი ცდილობენ, მეტი სიცრუე მიაწოდონ მოსახლეობას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ  პროექტის თაობაზე.

გაგახსენებთ, რომ იგივე ხდებოდა დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებითაც, თუმცა დღეს დასათვალიერებლად იქ ათასობით ადამიანი მიდის.

კრიტიკა ისმოდა როგორც თაბორის პროექტთან, რომელსაც ურბანული გენოციდი უწოდეს, ასევე იპოდრომთან დაკავშირებითაც, სადაც ახლა თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობაა დაგეგმილი“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ და იმედი გამოთქვა, რომ დედაქალაქი მომავალშიც განაგრძობს განვითარებას  და თბილისი ევროპული ქალაქი გახდება.