თბილისის საკრებულოს სხდომაზე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ საკუთარი გამოსვლა ე.წ. ,,პოლიტიკური სამძიმრით’’ დაიწყო.
როგორც ირაკლი ხელაძემ აღნიშნა, მისი ადრესატი ამ შემთხვევაში კოლექტიური ნაცმოძრაობაა, რადგან მხოლოდ სამშობლოს სიყვარულში სახელგანთქმული ოპოზიციისთვის ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს უდიდესი წარმატება სამწუხარო რეალობაა.
როგორც ირაკლი ხელაძემ აღნიშნა, აპირებდა, რომ კოლეგებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ოპოზიციის „ხსოვნისთვის“ ქართულ პოლიტიკაში, თუმცა, ეს გადაწყვეტილება შეცვალა, რადგან გუშინდელი დღის ისტორიულობიდან გამომდინარე, განწყობის გაფუჭებას მოერიდა.
,,გუშინ მართლაც ისტორიული დღე იყო! ქართველ ხალხთან ერთად მივიღეთ დამსახურებული კანდიდატის სტატუსი. არცერთ ხელისუფალს, არცერთ მმართველს ევროინტეგრაციის პროცესში არ გაუკეთებია იმდენი, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა ბოლო 11 წლის განმავლობაში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეროვნულმა, პრაგმატულმა, მშვიდობის, ღირსების, სტაბილურობის პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. პირველ რიგში ეს წარმატება ქართველი ხალხის დამსახურებაა, რისთვისაც ძალიან დიდი შრომა გასწია მმართველმა გუნდმა,’’აღნიშნა ირაკლი ხელაძემ, რის შემდეგაც დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდის ტენდენციას გაუსვა ხაზი.
მისი ინფორმაციით, 2017 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად გვაქვს მნიშვნელოვანი მატება, რაც უამრავი პროგრამისა და პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა.
ამ მხრივ არც 2024 წლის ფინანსური დოკუმენტია გამონაკლისი, რომელიც იმ საჭიროებებზეა მორგებული, რაც თბილისსა და თბილისელებისთვის არის მნიშვნელოვანი.
,,ჩვენ მოვისმინეთ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები. უცვლელი რჩება პრიორიტეტები, როგორიც არის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა, გზების რეაბილიტაცია, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლება; სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რომლითაც უამრავი მოქალაქე სარგებლობს; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება; განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულება; ახალი საბავშვო ბაღებისა და მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა-აღჭურვა; ასევე, გამწვანების სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. აღსანიშნავია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც რაიონული გამგეობები საცხოვრებელ კორპუსებში, ეზოებში ათასობით პროექტს ახორციელებენ,’’-განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
შეჯამების სახით კი აღნიშნა, რომ რომ 2024 წლის გაზრდილი ბიუჯეტი დედაქალაქის მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.
თბილისი, როგორც ევროპული ქალაქი, აუცილებლად გააგრძელებს განვითარებას და აუცილებლად დაიკავებს კუთვნილ ადგილს ევროპულ ოჯახში.