„დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში თბილისისა და დედაქალაქის მცხოვრებთათვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და სიახლეა გათვალისწინებული“ – ეს განცხადება თბილისი საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, 2024 წლის, ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტში გაძლიერებულია ყველა ის მიმართულება, რომელიც თბილისისთვის მნიშვნელოვანია.
ირაკლი ხელაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დარგობრივ კომისიებში განიხილეს და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადეს. მისივე თქმით, საკრებულოს რეკომენდაციებითა და შენიშვნებით, ბიუჯეტის პროექტი მერიას დაუბრუნდება.
„არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ოპოზიციას რაიმე პროექტისთვის მხარი დაეჭირა. მათი დღის წესრიგია ის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და განაცხადონ, თითქოს მომავალი წლის ბიუჯეტში იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები. ეს არის მტკნარი სიცრუე. რეალურად, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია ყველა ის პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც თბილისისა და თბილისელებისთვის მნიშვნელოვანია. ამას გარდა, კახა კალაძის მერობამდე, ქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 800 მილიონი ლარი იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი მილიარდი ლარით არის გაზრდილი. როგორ შეიძლება ამის არ დანახვა, ეს ხომ კონკრეტული ციფრებია“- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დედაქალაქის 2024 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის მოცულობა 1 700,912.4 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 70 მილიონი ლარით მეტია. ირაკლი ხელაძემ ის პრიორიტეტული მიმართულებებიც ჩამოთვალა, რომლებიც მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში განისაზღვრა. ესენია: განათლება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და სხვა.
„პრიორიტეტული პროგრამები წლიდან წლამდე იხვეწება და დაფინანსება იზრდება. მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს სოციალური მიმართულებითაც. ეს არის კონკრეტული პროგრამები, რომლებიც ქალაქის მცხოვრებთა მდგომარეობაზე აისახება. გარდა ამისა, ქალაქში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ამის არ დანახვა უბრალოდ შეუძლებელია. მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, თბილისი აუცილებლად გააგრძელებს სწორ განვითარებას, რისი გარანტიც 2024 წლის ბიუჯეტის პროექტია“ - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.