გოგი წულაიას შვილი, თემური წულაია მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს:
„მამაჩემის, გოგი წულაიას ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამდენი დღის შიმშილობამ და მედიკამენტების მიუღებლობამ შედეგი გამოიღო, რაც გულის ოპერაციის ფონზე, ძალიან საგანგაშო შედეგია. დღეს ხელები გაშავებია და ოთახში წაქცეულა, რის გამოც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ყველაფერი ნათელია, დაჭერით დაიჭირეთ და ეწირება უსამართლობას, მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას. აქვე მინდა ვთხოვო სახალხო დამცველ ქ-ნ ნინო ლომჯარიას, მოინახულოს ამჟამად N18 პენიტენციურ ჰოსპიტალში მყოფი მამაჩემი და მოისმინოს მისი აზრი, იქნებ რისთვის შიმშილობს 13 დღეა პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელმაც რამდენიმე თვის უკან ძალიან მძიმე გულის ოპერაცია გადაიტანა და შეიძლება ნებისმიერ წამს კომაში ჩავარდეს”, – წერს თემურ წულაია. ბრალდებული გოგო წულაია ციხის საავადმყოფოში იმყოფება. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში “აიპრესს” განუცხადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. “ბრალდებული გ.წ შემოსვლის დღიდანვე შიმშილობს. 25.03.2021 წელს ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, სადაც პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლენილა. ამ დროისთვის, როგორც მოშიმშილე პატიმარი, იგი იმყოფება N18 სამკურნალო დაწესებულებაში, უტარდება ჰემოდინამიკური მაჩვენებლების და სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი, ასევე ინფუზური თერაპია. სხვა მედიკამენტების მიღებაზე ამ ეტაპზე უარს აცხადებს. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, – განუცხადეს “აიპრესს” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.