საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

მინისტრმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა პროფესიისადმი ერთგულებისა და თავდადებისთვის და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში მათ როლზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც გივი მიქანაძემ საუბრისას აღნიშნა, მასწავლებელთა ხელშეწყობა და მათი სამუშაო გარემოსა და პირობების გაუმჯობესება სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს.

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით, ტარდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის აღნიშნული ინიციატივა პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და ღვაწლის დაფასებას ემსახურება.

პედაგოგები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ჯილდოვდებიან, დაესწრებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.