თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანთან და ვაკის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან, ერთად წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე, იმყოფებოდა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე ამჟამად გზის საფარის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში ორფენიანი ასფალტის საფარი იგება. სამუშაოების პირველ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, რის შემდეგ დაზიანებული საფარის განახლება დაიწყო, უკვე მოეწყო გზის საფუძველი და ბორდიური.
„ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის გზის საფარის აღდგენა-რეაბილიტაცია მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო, იქ 2 000-მდე კვ. მ ფართობზე აღდგება დაზიანებული გზა.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად ორბელიანის ქუჩაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გზების რეაბილიტაციას გამგეობის დაკვეთით შპს „ლუკრი“ აწარმოებს.