თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, მთავრობის სხდომაზე განცხადებას გამოეხმაურა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, მრავალბინიანი კორპუსების ჩანაცვლების პროექტი უკვე მზად არის და 40-მდე ოჯახი გარკვეული პერიოდის შემდეგ სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინებს მიიღებს.
„მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებენ ავარიულ სახლებში, ითანამშრომლონ გამგეობებთან და იყვნენ აქტიურები, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელება შევძლოთ. ვარკეთილის მესამე მასივში კიდევ ერთი, რიგით მეოთხე, პროექტი განხორციელდება. ეს უნიკალური შანსია როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე
საბინაო ფონდის განახლებისთვის, რომ ჩვენს ქალაქში ავარიული სახლების ჩანაცვლება იყოს რეალური.
პროცესი დაწყებულია და მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა. თითოეული პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელია მესაკუთრეთა 100%-ის თანხმობა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, აღნიშნა, უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს გეგმას, რომლის მიხედვითაც ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების მოწესრიგება-რეაბილიტაცია განხორციელდება.
დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი ტყემალაძემ ქალაქის მასშტაბით დაწყებული 12 პრობლემური საგზაო კვანძის მოწესრიგების სამუშაოებზე ისაუბრა. კერძოდ, აღინიშნა, რომ ამ კვანძებს შორის ერთ-ერთზე - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე - არსებულ გზაჯვარედინზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„სატრანსპორტო პოლიტიკა არ მოიცავს მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას, აქ აუცილებელია ინფრასტრუქტურა სწორად იყოს დაგეგმარებული, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს. ამისთვის კი აუცილებელია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა შესაბამისად იყოს მოწყობილი. ყველა კვანძის ერთიანად მოწესრიგება შეუძლებელია. შესაბამისად, სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება. დღეს საუბარი იყო თამარაშვილის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის გზაჯვარედინზე, ასევე დაიწყო ზურაბ ჟვანიას მოედნის რეაბილიტაცია და დაგეგმარება. ეს სამუშაოები იმ სატრანსპორტო პოლიტიკით არის ნაკარნახევი, რომელსაც თბილისის მერია და ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ, ეს პროექტი უალტერნატივოა და ის აუცილებლად მიგვიყვანს დადებით შედეგამდე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.