თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა 48 მილიონი ლარით გაიზრდება. განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გააკეთა.
„დღეს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა გაიზრდება 48 მილიონი ლარით“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
გიორგი ტყემალაძის განმარტებით, ეს სახსრები ძირითადად გადანაწილდება ქალაქ თბილისის მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის მიერ განსახორციელებელ კეთილმოწყობის სამუშაოებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დასაფინანსებლად.
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობასა და თბილისის მერს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდა თბილისის ბიუჯეტის ასეთი ზრდა და ქალაქის საჭიროებებზე მიმართვა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.