საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, აკადემიური საბჭოს წევრებთან, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებთან, სამეცნიერო ინსტიტუტების დირექტორებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის  მინიჭება მიულოცა და განაცხადა, რომ ეს ისტორიული მოვლენა თითოეული სტუდენტის, პროფესორ-მასწავლებლისა და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ყოველდღიურად, მუხლჩაუხრელად შრომობენ ქვეყნის საკეთილდღეოდ. გიორგი ამილახვარმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და მის გუნდს სტუ-ს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

შეხვედრისას საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ ვითარებას, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს - მათ შორის, განხილულ იქნა დაფინანსების მოდელის ცვლილების, პრიორიტეტული მიმართულებების გადახედვის, სტუდენტებისთვის მეტი მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების, შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების საკითხები.

მხარეებმა ასევე განიხილეს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხი, პარტნიორ საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთად ერთობლივი და ორმაგი სადიპლომო პროგრამების შემუშავება-განხორციელების გზით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და გიორგი ამილახვარმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.