საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ეროვნული კონკურსის „WorldSkills საქართველო 2023“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. მინისტრმა ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი მასშტაბური კონკურსების ჩატარება, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და გაეცნონ თანამედროვე მიღწევებსა და გამოგონებებს.
გიორგი ამილახვარი: „მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლებისთვის პროფესიული განათლება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. შესაბამისად, წლიდან წლამდე პროფესიული განათლება უფრო ფართოვდება, ხდება უფრო ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, უფრო მოთხოვნადი და პრესტიჟული.
ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია დღევანდელი ღონისძიება, სადაც ტარდება საერთაშორისო დონის კონკურსი პროფესიული უნარების კუთხით და წელს, მრავალწლიანი პაუზის შემდგომ, პირველად ჩატარდა საქართველოში სამი მიმართულებით: ვებტექნოლოგიები კულინარია და კონდიტერია.
კონკურსის ფარგლებში, ჩვენს არაჩვეულებრივ ექსპერტებთან და ჟიურის წევრებთან ერთად, დღეს გამოვავლინეთ და დავაჯილდოვეთ გამარჯვებულები - თითო ადამიანი თითოეული მიმართულებით, რომლებიც შემდგომ წელს უკვე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გაემგზავრებიან ვორლდსქილსის კონკურსის ფინალურ ეტაპზე.
მე მინდა, მათ წარმატება ვუსურვო. წარმატება ვუსურვო ყველა პროფესიული კოლეჯისა, თუ პროფესიული ტრენინგ ცენტრის სტუდენტებს. მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი და გაცილებით უფრო მოთხოვნადი ხდება პროფესიული განათლება, ვიდრე უმაღლესი განათლება. რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტრო ამას კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს და მეტ ინვესტიციას ჩადებს პროფესიული განათლების განვითარებაში, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ხერხემალი ეკონომიკის განვითარების და ყველაზე მოკლე გზა დასაქმებისკენ.“
„WorldSkills საქართველო 2023“ კონკურსის ფარგლებში კულინარიაში გამარჯვებულები გახდნენ: ნინო შარუხია - პირველი ადგილი, ლაშა წოწონავა - მეორე ადგილი, ლუკა აბაშიძე - მესამე ადგილი.
კონდიტერიაში 2023 წლის ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულები არიან: თამთა დევაძე - პირველი ადგილი, დემეტრე ნადირაძე - მეორე ადგილი, ნინო სხვიტარიძე - მესამე ადგილი.
ვებტექნოლოგიებში 2023 წლის ეროვნულ კონკურსის ფარგლებში: პირველი ადგილის მფლობელი გახდა საბა ავლოხაშვილი, მეორე ადგილი ნინო კოკილაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი ირაკლი თათარაშვილმა დაიკავა.
2023 წლის კონკურსი კულინარიის, კონდიტერიისა და ვებტექნოლოგიების მიმართულებებს მოიცავდა და მასში მონაწილეობდნენ 21 წლამდე ახალგაზრდები – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, კურსდამთავრებულები და კომპანიებში დასაქმებული და თვითდასაქმებული პირები.
ეროვნული კონკურსი „WorldSkills საქართველო 2023“ პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. საქართველოს კონკურსში გამარჯვებულები წარდგენილნი იქნებიან WorldSkills-ის რიგით 47-ე საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც 2024 წელის 10-15 სექტემბერს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გაიმართება.
WorldSkills-ის პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსი 85 ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანია განსაკუთრებული უნარების მქონე ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შესაძლებლობების აღიარება. კონკურსი ასევე ხაზს უსვამს ახალგაზრდების უნარების განვითარების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და პიროვნული წარმატების კუთხით.
WorldSkills-ის კონკურსს საფუძველი 1946 წელს ჩაეყარა. პროფესიულ უნარებში საერთაშორისო შეჯიბრება ტარდება ორ წელიწადში ერთხელ, რომელიმე წევრ ქვეყანაში. საქართველო WorldSkills-ს შეუერთდა 2012 წლიდან. საქართველოს გუნდმა სამჯერ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებაში. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა სფეროს წარმომადგენლებისათვის უნიკალური საშუალებაა, გაეცნონ უახლეს მიღწევებსა და ტექნოლოგიურ განვითარებებს, კვალიფიკაციის საერთაშორისო სტანდარტებს და სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. ამავდროულად, დაამყარონ კავშირები სხვადასხვა ქვეყნის სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან.
WorldSkills International-ის მისიაა ხელი შეუწყოს მსოფლიოში პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ამ კუთხით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. WorldSkills International-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც ასევე WorldSkills International-ის ასოცირებული წევრი გახლავთ.