საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა პროფესიულ განათლებაში მიმდინარე უახლესი პროცესების – განვითარების შეფასების ანგარიშისა და შრომის ბაზრის პროგნოზირების ძირითადი მიგნებების გაზიარებას.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას პროფესიული განათლების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო. გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების პრიორიტეტების ცვლილებისა და ამ მიმართულებით იმ ახალი მექანიზმების შემუშავების შესახებ ისაუბრა, რომლებიც გულისხმობს კერძო სექტორის სწრაფად და მოქნილად ჩართულობას პროფესიული განათლების განვითარების პროცესში. მინისტრის თქმით, ამ კუთხით უახლოეს მომავალში გაიმართება ახალი კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია.
მინისტრმა საბჭოს წევრებთან ასევე განიხილა პროფესიული განათლების პოლიტიკა და მათი მოსაზრებები და პოზიციები მოისმინა. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული კოლეჯების დაფუძნებისა და პროგრამების შემუშავების დროს, თავიდანვე იყოს დამსაქმებელი ჩართული პროცესებში. მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილის სწორედ ამ პროცესის ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული, რაც დასაქმების პროცენტულ მაჩვენებელს საგრძნობლად გაზრდის.
შეხვედრაზე სხდომის წევრებმა პროფესიული უნარების განვითარების შეფასების ანგარიშის ძირითად მიგნებებზე პრეზენტაციები წარადგინეს, იმსჯელეს არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე და განხილული თემების შესახებ დისკუსია გამართეს.
სამეთვალყურეო საბჭო პროფესიული უნარების სააგენტოს უმაღლესი მართვის ორგანოა, რომელიც დაკომპლექტებულია საჯარო-კერძო პარტნიორობის პრინციპით, ქვეყანაში არსებული ბიზნეს გაერთიანებებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. საბჭო მონაწილეობას იღებს სააგენტოს პოლიტიკის განსაზღვრასა და მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებაში, მათ შორის, სააგენტოს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცებაში.
პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ინიციატივით, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს პროფესიული განათლების მოქნილი სისტემის განვითარება, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებით, რაც თავის მხრივ შრომის ბაზართან დაახლოებას და ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.