„მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და „რუსული ოცნება“ არის ძალიან სერიოზულ პანიკაში. ამის დასტურია, რომ მე დღეს ბრალი წამიყენეს ისეთ აბსურდზე, როგორიც არის რუსთაველზე დანაშაულებრივი ორგანიზება, მოლოტოვის კოქტეილის დამზადება, მანქანის აფეთქება. თუ რამე შეიძლება ავადმყოფურ თავში მოიხარშოს, ყველაფერი ჩაწერეს ამ სულელურ ბრალდებაში" -  ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

"მინდა, მივმართო მათ, რაც არ უნდა გააკეთოთ, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ, მიუხედავად დიდი მცდელობისა. ქართველ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ. ჩვენი მხრიდან ბრძოლა გაგრძელდება ყველგან კანონიერ ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს სასამართლო და სამართალი.  არ მივცემთ იმის შანსს, რომ ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ. აქ რაც წერია, არის აბსურდი. ვერანაირი კავშირი ამ ბოდვასა და იმას შორის, თუ რატომ მომიყვანეს აქ, ვერ დავინახე. ეს არის მცდელობა, რომ რაღაცა საფუძველი შექმნან ჩვენი პარტიის აკრძალვის, პიარული კამპანიაა, სიყალბე. საკონსტიტუციო სარჩელს სჭირდება გამყარება, გამძაფრება, რომ თითქოს რაღაცა ტერორისტული ამბავი ხდებოდა.

პოლიტიკას და მართალ სიტყვას საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და „რუსული ოცნება“ ვერ გააჩერებს. თქვენ გახსოვთ, შარშანდელი დემონსტრაციებისას მიღებული იქნა „ოფშორების კანონი“, რითაც ბიძინა ივანიშვილმა 400 მილიონი წაიღო ქვეყნის ბიუჯეტიდან. ახლა ანალოგიური ხმაური ხდება არაბული თემის გარშემო. ბათუმსა და თბილისში 9 მილიონ კვადრატული მეტრი გადაეცათ არაბებს. ჩვენ ვითხოვთ ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას და ქართული საზოგადოება დაინახავს, რამხელა აფიორასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ