ერევანში ორდღიანი საერთაშორისო ფორუმი „ორბელის ფორუმი 2025: მშვიდობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მშენებლობა“ მიმდინარეობს. მასში 16 ქვეყნის დაახლოებით 50 ექსპერტი მონაწილეობს. 

მეორე პანელურ დისკუსიაში მონაწილე აზერბაიჯანელმა ექსპერტმა, თოფჩუბაშევის ანალიტიკური ცენტრის დამფუძნებელმა და დირექტორმა, რუსიფ ჰუსეინოვმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი რეგიონული პლატფორმების არსებობა, როგორიცაა „3+3“.

„თუმცა, რიგი მიზეზების გამო, 3+3 ფორმატი სრულად არ ფუნქციონირებს და მისი მომავალი ჯერ კიდევ უცნობია. სამხრეთ კავკასიის სამ რესპუბლიკას შორის ჰარმონიული თანამშრომლობა გაცილებით მნიშვნელოვანია. მე ენთუზიაზმით ვარ განწყობილი რამდენიმე რეგიონული ინტეგრაციის პროექტის მიმართ. ბალტიისპირეთის ქვეყნების თანამშრომლობა, რომლებმაც ურთიერთდაკავშირებულობა შეინარჩუნეს, ჩვენთვის მაგალითი შეიძლება იყოს. თუ ეს ვარიანტი ჩვენთვის არ გამოდგება, მაშინ შეგვიძლია აღმოსავლეთისკენ გავიხედოთ და ალტერნატივები ვეძებოთ. გარკვეული უთანხმოების მიუხედავად, ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მოახერხეს თანამშრომლობის საერთო პლატფორმის შექმნა და აქტიურად თანამშრომლობენ გარე პარტნიორებთან“, - განაცხადა ჰუსეინოვმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ სამმხრივი კონტაქტების ეფექტური მექანიზმების საშუალებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნები შემდგომი თანამშრომლობის ხედვის ერთობლივად ჩამოაყალიბებას შეძლებენ. 

„თუ ზოგიერთს სჯერა, რომ გეოპოლიტიკური საკითხები ხელს შეგვიშლის, მაშინ შეგვიძლია წინსვლა პატარა, მაგრამ თავდაჯერებული ნაბიჯებით. ჩვენ ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ ნაშრომი, რომელშიც შემოთავაზებულია რეგიონულ კატასტროფებზე ერთობლივი რეაგირების მექანიზმის შექმნა, რაც შეიძლება თანამშრომლობის ორმხრივად სასარგებლო პლატფორმად იქცეს“, - განაცხადა აზერბაიჯანელმა ექსპერტმა.