"დრო ამბობს: "მშვიდობით". მარადისობა ამბობს: "ნახვამდის", - წერს გია მურღულია.

"დრო ამბობს: "მშვიდობით".

მარადისობა ამბობს: "ნახვამდის".

პატრიარქი ამბობს: "ნუ გეშინია".

საქართველო ამბობს: "გვიყვარხარ".

ოთხივეს ნათქვამი ღმერთის დუმილში ისმის", - წერს გია მურღულია.

ცნობისთვის, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

12:15 საათიდან კი სამების ტაძარში კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.

ცერემონიას დაესწრება სხვადასხვა დელეგაცია, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება. ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე, მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი, ასევე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგონ პატივი უწმინდესს.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.