გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული წარმატების შესახებ, "რუსთავი 2"-ის ეთერში, ლაშა დვალიშვილის გადაცემაში "ჩემპიონები" ისაუბრა.
მისი თქმით, ბედნიერია ყველა სპორსტმენი, რომელიც საკუთარ თავზე გამოცდის ჩემპიონობას, მომენტს, როდესაც საკუთარი ქვეყნის დროშა იწევა და შეჯიბრებაზე სამშობლოს ჰიმნი ისმის.
"რა თქმა უნდა, ყველა შეჯიბრებაზე მივდივართ ოქროს მედლისთვის. გულშემატკივრის ბედნიერ სახეს რომ ხედავ, ეს არის ყველაზე მაგარი – შენი ქვეყნის დროშა, ჰიმნი, საოცარი მომენტია, ბედნიერია ადამიანი ამას საკუთარ თავზე, რომ გამოცდის. შემიძლია ვთქვა, რომ როცა ჩვენი ბიჭები და გოგონები იღებენ [ჩემპიონის ტიტულს] იგივე სიხარულს განვიცდი, მაგრამ შენ რომ აკეთებ სიგიჟეა.
გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მეშინოდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება ოქროს მედალზე გავსულიყავი ტოკიოს შემდეგ, მაგრამ იმდენად კარგად წავიდა მომზადების ეტაპი, რომ ალბათ მერე აცნობიერებ - თურმე ახლოს ხარ, შეგიძლია ევროპის ჩემპიონატზეც ძალიან ახლოს იყავი მოგებასთან და დავიჯერე, რომ ერთი ნაბიჯია. შემდეგ უკვე ოლიმპიურ თამაშებზე გამოცდილებაც საკმაოდ დიდი მქონდა. ირანელი სპორტსმენი იმდენად გამოცდილი არ იყო, თუმცა ძალიან დიდი სპორტსმენია, ალბათ ჭიდაობის მსვლელობის დროს ვაჯობე გამოცდილების ხარჯზე და წამოვიღეთ ოქროს მედალი", - აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "ჩემპიონები".
რაც შეეხება კითხვას სპორტში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ არ გამორიცხავს და საკუთარ ძმასთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში ვარჯიშსაც აგრძელებს.
"ვცდილობ, რომ კოტესთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში მქონდეს სპარინგი, არა მარტო კოტესთან, ჩვენს გუნდში როცა დრო მაქვს და შესაძლებლობა, ბიჭებს ყოველთვის ვეხმარები, ფორმას ვინარჩუნებ. ვფიქრობ, ერთი წელი ტრავმების მოშუშებას დასჭირდება. თუ მომენატრება აუცილებლად დავბრუნდები..." - აღნიშნავს ოლიმპიური ჩემპიონი.