ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ოთარ შამუგიამ ნიადაგის მნიშვნელობის და მისი დაცვის აუცილებლობის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც სახელმწიფო ნიადაგის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვისთვის ახორციელებს.

„მოგეხსენებათ, ნიადაგის რაციონალური მართვა, პირდაპირ კავშირშია სასურსათო უსაფრთხოებასთან, რაც მსოფლიო საზოგადოების მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. კლიმატის ცვლილების ფონზე, მწვავედ დგას ნიადაგის დეგრადაციის საკითხი. ამ კონტექსტში, ახალგაზრდა, კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდა, ქვეყნის მნიშვნელოვანი ამოცანაა. ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ნიადაგის დაცვის უზრუნველყოფას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების გზით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყო საქართველოს მეცნიერებათ ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, რომელმაც  საქართველოს ნიადაგების მრვალფეროვნების მნიშვნელობაზე გაამახვილა დამსწრეთა ყურადღება.

„ამ პატარა ქვეყანაში 29 ნიადაგობრივ-კლიმატური ზონა და 14 ნიადაგია. ეს იმდენად სერიოზულ მრავალფეროვნებას ქმნის, რომ უტოლდება თითქმის მთელ ევროპას, სადაც 34 ნიადაგია და 780 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ეს მეტყველებს ქვეყნის უნიკალურობაზე",- განაცხადა გიორგი კვესიტაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, აგრარული მიმართულების საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ წარმატებულ ახალგაზრდა სპეციალისტებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს, სამეცნიერო და კვლევით სექტორში მოღვაწე მკვლევრებს ნიადაგმცოდნეობის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს თენგიზ (გიზო) ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელები გადაეცათ.

 

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ თენგიზ ურუშაძის უდიდესი წვლილი მიუძღვის ნიადაგმცოდნეობის ქართული სკოლის განვითარებაში. ბატონი გიზოს პროფესიული და საზოგადო მოღვაწეობა სტიმულის მიმცემი და საუკეთესო მაგალითია  მომავალი თაობებისთვის.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, დაჯილდოების ღონისძიება ყოველწლიურ, ტრადიციულ სახეს მიიღებს, რომელიც  ახალგაზრდა კადრებს წაახალისებს და შექმნის ნიადაგმცოდნეობის დარგის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის საფუძველს.

აღსანიშნავია, რომ ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღე, 2013 წლიდან, მსოფლიოში გაეროს 68 ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე აღინიშნება.

 

ღონისძიებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, კახა კაკაბაძე, სოლომონ პავლიაშვილი, ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, აგრარული უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA), ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციის „ელკანა”, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის (CENN) წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.