გარდაიცვალა აკადემიკოსი გუჩა კვარაცხელია
1624442991
80 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი გუჩა კვარაცხელია.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
გუჩა კვარაცხელია 1993-2006 წლებში იყო არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი. 2002-2006 წლებში ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგის მოვალეობის შემსრულებელი, 2006 წლიდან კი ისევ მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1992 წელს იყო (13 იანვარი-20 დეკემბერი) საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი.
1993-1994 წლებში გუჩა კვარაცხელია მუშაობდა არაქართველთათვის ქართული ენის სწავლების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგედ. 1999-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, როგორც ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი. 2005 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი.
გუჩა კვარაცხელიას გამოქვეყნებული აქვს 130 სამეცნიერო ნაშრომი. არის პიესების, ასევე ლექსების კრებულის ავტორი.




