დღეიდან პეტრე - პავლობის მარხვა დაიწყო.

 წმინდა მოციქულთა მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება და 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მთავრდება. 

პეტრე-პავლობის მრავალდღიან მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს“ უწოდებდნენ. ამჟამად მას ზაფხულის მარხვადაც იხსენიებენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის.

ცნობილია, რომ ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა – დადგინდა, მათი ხსენების დღემდე, ე.ი. 12 ივლისამდე ემარხულათ. კანონები მოციქულთა მარხვის შესახებ დაცულია იოანე მმარხველთან (VI ს.), საბა იერუსალიმელისა და სტუდიელთა მონასტრის ტიპიკონებში. 

პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქია.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მარხვის შენახვის წესს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი (როგორც წესი, ეს მარხვა თევზით ხსნილია, მაგრამ ამისთვის კურთხევას უმაღლესი საეკლესიო პირნი იძლევიან).