საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2024 წლის 4 ივლისის 11:00 საათიდან დაიწყებს.
კონსულტაციები და გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარდგენა გუშინ, 27 ივნისს, 00:00 საათზე დასრულდა.
იურისტი და ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს.
იურისტმა და ადვოკატმა ანდრონიკ სარიბეკოვმა საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.
იურისტი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლის კავშირი“, „სიმართლის რწმენა“, „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“, „მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“, „ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „თანადგომა ხელმოკლე და მოწყვლადი ფენებისათვის“ წარმოადგინა.
იურისტმა და ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.
იურისტი და ადვოკატი ლალი ბუნტური მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება “საქართველომ” წარმოადგინა.
იურისტი და ადვოკატი დავით ბარბაქაძე ორგანიზაციამ „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“ წარმოადგინა.იურისტმა და ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.
იურისტი და ადვოკატი ლაზარე ჯორბენაძე მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - პარტია „საქართველომ“ წარმოადგინა.
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც იმავდროულად პროკურორები არიან და არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“ წარმოადგინეს; ასევე გიორგი გაბიტაშვილს მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა.
იურისტმა და ადვოკატმა პაატა შავაძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.
იურისტი და ადვოკატი ვიქტორ ახალბედაშვილი ა.ი.პ. „უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარმოადგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარმოსადგენად გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, დღეს, 28 ივნისს, საპროკურორო საბჭომ პირველი სხდომა გამართა.
საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-2 მუხლის შესაბამისად 2024 წლის 28 ივნისის სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიანი სია დაადგინა.
საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ 5 პირს სათანადო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო დაუდგინა ხარვეზი და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადა 2024 წლის 3 ივლისის ჩათვლით განუსაზღვრა. ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საბჭო გადაწყვეტს მათი სიაში დატოვების ან/და შერჩევის პროცესიდან მოხსნის საკითხს.
საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ყველა პირთან საპროკურორო საბჭო ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას. მოხდება გასაუბრების პროცესის აუდიოჩაწერა და მისი განთავსება საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე. გარდა ამისა, გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების პროცესი ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.
გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებს ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.
საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2024 წლის 4 ივლისის 11:00 საათიდან დაიწყებს.