საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საზეიმო დახვედრაზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სცენაზე მიიწვია:
„გილოცავთ ყველას უდიდეს წარმატებას, უდიდეს სიხარულს, რომელსაც ევროპაში უწოდეს ქართული სასწაული, ვიდრე ჩემს სათქმელს ვიტყვი, მინდა ვთხოვო სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც სურს ბიჭების დაჯილდოება ღირსების ორდენებით, გთხოვთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავისუფლების მოედანზე ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან შეხვედრის საზეიმო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.
მანამდე ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. გულშემატკივართა ნაწილი მათ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან დახვდა, ნაწილი კი, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიიდან დღეს დილით დაბრუნდა. ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ეფექტურად გამოსვლის შემდეგ, სამშობლოში თბილისის დროით 09:15 საათზე ჩამოფრინდა. აეროპორტში ნაკრებს უამრავი გულშემატკივარი დახვდა, რომელმაც დროშების ფრიალითა და მადლობის შეძახილით გუნდი აეროპორტის ტერიტორიიდან გააცილა.