საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინდოეთში, მუმბაიში აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. საქართველო OTM 2025-ზე დიდი დელეგაციით და ეროვნული სტენდით წარდგა.
საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45-მდე კერძო კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენის შესახებ Concierge Tbilisi-ის წარმომადგენელი ნინო სხირტლაძე საუბრობს.
„ძალიან საინტერესო ბაზარია ინდოეთი, განსაკუთრებით კერძო სექტორის განვითარების კუთხით, რადგან გვინდა, შემოვიყვანოთ უფრო მაღალშემოსავლიანი მოგზაურები, რომლებიც მეტს დახარჯავენ ჩვენს ქვეყანაში და ეს განავითარებს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას. ვაპირებთ, რეგულარულად მივიღოთ მონაწილეობა მსგავს გამოფენებში. ძალიან მიხარია, რომ ღირსეული კომპანიები არიან ჩვენს პარალელურად წარმოდგენილნი და სწორ იმიჯს ვუქმნით საქართველოს და დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე სოლიდურ გარიგებას გავაფორმებთ“, – განაცხადა ნინო სხირტლაძემ.
OTM 2025-ზე 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1 600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ავრცელებს.