„შუქი მოვიდა, ტელევიზიები ჩაირთო და გაზეთების კვდომის პროცესიც დაიწყო იმიტომ, რომ ადამიანებს მატერიალურად არ ჰქონდათ საშუალება, რომ გაზეთი ეყიდა, ტელევიზორი კიდევ უფასო იყო. უფასო ტელევიზორში იყო უფასო შოუ, უფასო შოუს დგამდა სააკაშვილი. ყველა არხზე სააკაშვილი იყო. არაფერში სჭირდებოდა გაზეთები, სადაც კრიტიკული ანალიტიკური პუბლიკაციები გამოქვეყნდებოდა“-განაცხადა ჟურნალისტმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ გამომცემლობა „სამშობლო“ ჩაეგდოთ ხელში და შემდგომ გაესხვისებინათ.

„ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული იმისთვის, რომ გამომცემლობა „სამშობლო“, გარდა იმისა, რომ მატერიალური ბაზაა, ჩაეგდოთ ხელში და შემდგომ გაესხვისებინათ და ამავდროულად შური ეძია ამ გაზეთებზე, რომ ეს გაზეთები არ გამოსულიყო და სხვა გაზეთები, რომლებიც გამოდიოდა, ზოგიერთ მათგანთან ჰქონდათ შეთანხმებული და ცალკეულ გრანტებს მისცემდნენ და შესაბამისად ლოიალობას ასე იყიდდნენ. [სააკაშვილმა] მარტივად გადაწყვიტა. მოგვიშორა და ამ დროისთვის მას ჰქონდა ტელევიზიები, სადაც მუდმივად იჯდა და საუბრობდა სხვათა შორის, უკრიტიკოდ. კრიტიკული შეკითხვები საერთოდ არ არსებობდა იმიტომ, რომ კრიტიკული შეკითხვების დამსმელებს სააკაშვილთან არავინ უშვებდა და დანარჩენებს სად უნდა გამოექვეყნებინათ, თუ გამოცემები არ იარსებებდა“-განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.