წავიდა უფალთან ქრისტეს ვენახის ერთგული მოღვაწე, მართლმადიდებლობის დიდი ბურჯი, რომლის სახელიც სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს სახელმწიფოსა და ერის ისტორიაში. განსვენებული ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება, როგორც ღრმა რწმენის ადამიანი, მლოცველი და მოსაგრე, – ამის შესახებ მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტის, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსის, ბენიამინის წერილშია ნათქვამი.

როგორც წერილშია აღნიშნული, ილია მეორე სარგებლობდა უდიდესი პატივისცემითა და ავტორიტეტით მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში.

„მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს. თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღირსნო მღვდელმთავარნო, სამღვდელოებავ, მონაზონნო და ერისკაცნო. საქართველოს ღვთისმოყვარენო მკვიდრნო. ბელარუსის მართლმადიდებელმა მაცხოვრებლებმა ღრმა მწუხარებით მიიღეს ცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიწიერი გზის დასრულების შესახებ. ვიზიარებ რა ქართველი ხალხის ტკივილს ამ დიდი დანაკლისის გამო, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბელარუსის ეგზარქოსის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, მონაზონთა და ერისკაცთა სახელით, სამძიმარს ვუცხადებ და ლოცვით მხარდაჭერას აღვუთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს, სასულიერო პირებსა და ღვთისმოყვარე სამწყსოს. წავიდა უფალთან ქრისტეს ვენახის ერთგული მოღვაწე, მართლმადიდებლობის დიდი ბურჯი, რომლის სახელიც სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს სახელმწიფოსა და ერის ისტორიაში. განსვენებული ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება, როგორც ღრმა რწმენის ადამიანი, მლოცველი და მოსაგრე. შორეულ 1977 წელს მიიღო რა მოციქულებრივი წილხვედრი, რათა ეწინამძღვრა ქრისტეს ეკლესიისთვის საქართველოს მიწაზე, იგი დაუღალავად აღასრულებდა თავის მღვდელმთავრულ მსახურებას ღვთისა და უფლის მიერ მინდობილი სამწყსოს წინაშე; აღადგენდა ნანგრევებიდან და აშენებდა ახალ ტაძრებსა და სავანეებს, მამობრივი მზრუნველობით ეპყრობოდა სასულიერო სკოლებს, დახმარების ხელს უწვდიდა ტანჯულთ, მრავალშვილიან ოჯახებს, ქვრივებსა და ობლებს. იგი იყო მილიონობით ადამიანის მამა, რომელმაც განამტკიცა მთელი ერის რწმენა და ერთიანობა განსაცდელების ჟამს და თავის მღვდელმთავრულ სიყვარულს მიჰფენდა ყოველ მასთან მისულს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სულიერი ღვაწლი არის ქრისტეს ცოცხალი ქადაგება არა მხოლოდ ქართველი ერის საკეთილდღეოდ, არამედ ეკლესიებს შორის ძმური კავშირების შესანარჩუნებლად, რაც შეგვახსენებს: ჩვენ ვართ ქრისტეს ერთიანი სხეული, ერთიანი რწმენითა და სიყვარულით. ბელარუსის მართლმადიდებელმა მაცხოვრებლებმა სიყვარულისა და მადლიერების გრძნობით გაიხსენეს მისი უწმინდესობის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში 2013 წელს, რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში. თბილი, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ნეტარხსენებულ ბელარუსის პირველ საეგზარქოსო პატრიარქთან, მიტროპოლიტ ფილარეტთან, რომელთანაც იგი ახლოს იყო და კეთილგანწყობილ ურთიერთობას ინარჩუნებდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროიდან. მისი უწმინდესობა სარგებლობდა უდიდესი პატივისცემითა და ავტორიტეტით მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში: მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებსა და ერისკაცებს შორის. ამ მძიმე ჟამს, ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარნი და მრევლი, „ერთი პირითა და ერთი გულით“, ქართველ ერთან ერთად აღავლენენ ლოცვას, რათა უფალმა შეიწყნაროს თავისი ერთგული მსახურის სული და დაამკვიდროს იგი მართალთა ზეციურ სავანეებში. თქვენ კი ყოველთაგანი, „მამამან მოწყალებათამან და ღმერთმან ყოვლისა ნუგეშინისცემისა მან“ განგამტკიცოთ რწმენასა და სასოებაში განსვენებულის სულისა და ყოველი ჩვენგანისადმი მისი სიყვარულის მიმართ. საუკუნოდ იყოს ხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა. ქრისტესმიერი სიყვარულითა და ლოცვით“, – ნათქვამია მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტის, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსის, ბენიამინის წერილში.