ამის შესახებ მარიანა ბოლსი ონის მუნიციპალიტეტის მერიას გაგზავნილ ღია წერილში საუბრობს.

„პროექტის გატანის მიზეზი არის საქართველოს მთავრობის მიერ ახლად მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". აღნიშნული კანონი სერიოზულ გამოწვევას უქმნის ჩვენს ორგანიზაციას, რადგან გვავალდებულებს დავრეგისტრირდეთ როგორც უცხოური გავლენის მატარებელი. ჩვენი ორგანიზაცია, დაარსების დღიდან, ახორციელებს სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს, რომელიც მიმართულია რაჭის მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებისაკენ. შესაბამისად, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ორგანიზაცია უნდა იყო უცხოური ინტერესების მატარებელთა რეესტრში", - წერს მარიანა ბოლსი.

წერილის ბოლო იგი იმედს გამოთქვამს, „რომ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გადახედილი და გაუქმებული იქნება და „ფეა ფრიიზ ფონდს" მიეცემა „ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის პროექტის გარშემო თანამშრომლობის შესაძლებლობა".

მარიანა ბოლსი, როგორც ის თავად ჰყვება დანიურ information-თან, საქართველოს პირველად 1989 წელს ესტუმრა მომავალ მეუღლესთან, ლარს ჰენრიკ ბოლსთან ერთად. ლარს ბოლსი და მის მამა ნაძვის ბიზნესით იყვნენ დაკავებულები და იცოდნენ, რომ აქ ყველაზე ლამაზი ნაძვების ნახვა შეიძლებოდა, - ამბობს მარიანა ბოლსი.

სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ნაძვის გირჩების შეგროვება და გატანა მათზე ადრე სხვა დანიურმა ფირმამ, აქ 1996 წელს დაფუძნებულ ქართულ შპს-თან თანამშრომლობით შეძლო და მოგვიანებით მან 20-წლიანი ლიცენზიაც მოიპოვა, ლარს ჰენრიკ ბოლსმა კი 2007 წლის 9 აგვისტოს სატყეო საქმიანობის, ფიჭვის გირჩების შეგროვების, სატყეო პროდუქტებით ვაჭრობის და ხეების წარმოება-რეალიზაციის მიზნით ლარს ერთპიროვნულად დააფუძნა შპს „ბოლს ჯორჯია", რომლის დირექტორის დღემდე არის ირაკლი დვალი - სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგში" რისკების მმართველი დირექტორი და ბადრი ჯაფარიძესთან, მამუკა ხაზარაძესთან და ავთანდილ წერეთელთან ერთად აქციების მფლობელი ოჯახის წევრი.

2009 წლის მაისში, იმავე იურიდიულ მისამართზე დაფუძნდა ა(ა)იპ „ბოლსის საშობაო ნაძვის ხის ფონდი", რომლის ხელმძღვანელი ორგანოს (გამგეობის) წევრებიც გახდნენ მარიანა და ლარს ბოლსები, ლევან ხმიადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და ირაკლი დვალი. 2021 წლის 6 აგვისტოს ბადრი ჯაფარიძემ გამგეობა დატოვა.

2009 წლის 25 ივნისს ირაკლი დვალმა დააფუძნა შპს „ფეა თრიიზ", რომელიც იმავე წლის ოქტომბერში, დაუთმო ლარს ბოლსს (დანიურ კომპანია Fair Seed Aps-ს), თავად კი დღემდე არის შპს-ის დირექტორი.

2015 წლის 15 აპრილს მარიენ და ლარს ჰენრიკ ბოლსებმა დააფუძნეს ა(ა)იპ „ფეა თრიიზ ფაუნდეიშენი", რომლის გამგეობის წევრიც ბოლსებთან ერთად ბადრი ჯაფარიძე გახდა, ხოლო პრეზიდენტი ირაკლი დვალი. 2018 წლის 19 დეკემბრიდან გამგეობის წევრი გახდა კაი ბათენბერგი.

საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, 2021 წლის 5 აგვისტოს ბადრი ჯაფარიძემ განცხადებით მმართველობითი ორგანოს წევრის ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა და 6 აგვისტოს ამონაწერში იგი აღარ ჩანს გამგეობის წევრებს შორის, თუმცა „ფეა თრიიზ ფაუნდეიშენის" ვებგვერდზე იგი გუშინ საღამომდე მოხსენებული იყო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ამჟამად ამის დადასტურება მხოლოდ ერთ-ერთი საძიებო საიტზე შესვლით და შენახული ასლის უსწრაფესი დასქრინვით შეიძლება.


მარიანა და ლარს ჰენრიკ ბოლსები დანიაში FAIR TREES ApS-ის და FAIR TREES HOLDING 2 ApS-ის დამფუძნებლები და დირექტორები და FAIR TREES MARKETING ApS-ის დირექტორები არიან.

მარიანა ბოლსი 2015 წლიდან დღემდე არის დანიაში საქართველოს საპატიო კონსული.