„ქვეყანაში სიტუაციას არავის ავარევინებთ და ყველას, ვინც ეცდება დესტაბილიზაციას, საკადრის პასუხს გავცემთ“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ავთანდილ ცინცაძემ, უმრავლესობის წევრ კონსტანტინე ზარნაძის მიმართ ჩადენილ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე კონსტანტინე ზარნაძემ განაცხადა, მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დახვდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. ავთანდილ ცინცაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს მოქალაქეთა დაპირისპირებას, რაც არ გამოუვა.
„თქვენს საქციელს ვერაფერი გაამართლებს. თქვენ რეალურად დაიწყეთ მოქალაქეთა დაპირისპირება და ამის უამრავი ფაქტი არსებობს. თქვენი ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე რაღაც იარაღზე საუბრობს. მე არ შევალ დეტალებში, მაგრამ ვაცხადებ, რომ არავის მივცემთ ქვეყნის არევის შესაძლებლობას. ყველა, ვინც ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის გამოწვევას ეცდება, საკადრის პასუხს მიიღებს“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.