ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს შორის შეთანხმება მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ქალაქ ვენაში გაფორმდა . 

საქართველოს მხრიდან,  შეთანხმებას ხელი მოაწერა, მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირმა, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა,
ხოლო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხრიდან გენერალური დირექტორის მოადგილემ და ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰუა ლიუმ.

„ქვეყნის ჩარჩო პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფს ისეთი პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერას და უწყვეტობას, როგორიცაა: ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება და დაცულობა, ჯანმრთელობა და კვება, სურსათი და სოფლის მეურნეობა, წყალი და გარემო, ენერგეტიკა და მრეწველობა. აღნიშნული სფეროების განვითარება აუცილებელია მოსახლეობის კეთილდღეობისა და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა ნინო უტიაშვილმა.

„ქვეყნის ჩარჩო პროგრამა“ წარმოადგენს სააგენტოსთან თანამშრომლობის ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს საქართველოსა და საერთაშორისო სააგენტოს პარტნიორობის პრიორიტეტულ მიმართულებებს და ქმნის საფუძველს ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის.

პირველადი შეთანხმება მხარეებს შორის  2020 წლის 26 ნოემბერს, 2020-2025 წლების პერიოდისთვის გაფორმდა. 

პროგრამის გახანგრძლივება ასახავს საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობას და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს მდგრადი განვითარების მხარდაჭერის საერთო ინტერესს.