ქვეყნისთვის რაღაცაზე მითითება გამიგია, როცა რაღაც ფორუმზე მიმართავ, ნოტას გაუგზავნი, ანგარიშს მოამზადებ, მაგრამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მიტინგზე რომ გამოხვალ და ამა თუ იმ ქვეყანაში ადამიანებს მოუწოდებ, ვინ აირჩიონ, ეს უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯია?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კაია კალასი ურცხვად ამბობს, რომ არც ერთი ქვეყნის საშინაო საქმეებში არ ერევიან.
„ამას რანაირად ამბობს, როცა აქ ხუთ საგარეო საქმეთა მინისტრს ოპოზიციურ მიტინგზე გვიგზავნიდა, სადაც ადამიანებს მაიდანიზაციისკენ მოუწოდებდნენ. საშინაო საქმეებში ჩარევა თუ ეს არ არის, იქნებ, განგვიმარტოს, რა არის. ვერ განმარტავს, რადგან კლასიკურ ნიმუშს ვხედავთ, თუ როგორ არ უნდა იქცეოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ეუთო-ს ეგიდით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა, რომელიც უკანონო მიტინგზე მივიდა. ეს მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა უნდა ჰქონოდა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს შეხვედრა არ გამართულიყო. საქმე იქამდეც მივიდა, რომ დასაჯარიმებელი გახდა“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს არათუ მიუთითებენ რამეზე, პირდაპირ ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან, რათა რევოლუცია აგორდეს.
„ორმაგი სტანდარტი ცოტა სხვა რამეა, როგორც გინდა, მოვლენას ისე შეაფასებ. ჩვენ რასაც ვხედავთ, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებებია დესტაბილიზაციის მოსაწყობად. როცა ამას აკეთებ, ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის კლასიკური ნიმუშია. როგორ ასხვავებენ, სად უნდა ჩაერიონ და სად – არა? ვისაც 12 ავიამზიდი და 4500 ატომური ბომბი აქვს, მის საქმეებში არ უნდა ჩაერიონ და შედარებით პატარა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა შეუძლიათ, ასე უყურებენ ევროკავშირში? ჩვენ სხვა ქვეყანა არ ვართ, სადაც ასე იქცევიან? ქვეყნისთვის რაღაცაზე მითითება გამიგია, როცა რაღაც ფორუმზე მიმართავ, ნოტას გაუგზავნი, ანგარიშს მოამზადებ, მაგრამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მიტინგზე რომ გამოხვალ და ამა თუ იმ ქვეყანაში ადამიანებს მოუწოდებ, ვინ აირჩიონ, ეს უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯია? ჩვენ არაფერს მიგვითითებენ, პირდაპირ ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან, რათა რევოლუცია აგორდეს. ადამიანებს მაიდანიზაციისკენ მოუწოდებდნენ, მოსახლეობამ არ იცის? რომ იცის, ამიტომ მივიღეთ, მილიონ ასი ათასი ხმა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.








