როგორ აფასებს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ მფლობელი, პროფესორი ანზორ მელია, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ზუგდიდში, სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანიაში და საკმაოდ მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა, რას ფიქრობს ის დღეს დ რატომ აღარ სურს პოლიტიკაზე საუბარი, - ამასთან დაკავშირებით „აიპრესი“ ანზორ მელიას ეასუბრა.

ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ, ანზორ მელია აცხადებს, რომ ის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს კორუფციული სქემის შექმნაში ადანაშაულებს

კონკრეტულად რა არ მოგწონთ, რას ვერ აკეთებს მთავრობა ?

მედიცინა არასდროს იყო პრიორიტეტული დარგი. ექიმები არასდროს ვყოფილვართ ასეთ დღეში, როგორც ახალ ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი საყოველთაო პროგრამა გააკეთეს, ბოლომდე არ არის მიყვანილი და არ ფიქრობენ გაუმჯობესებაზე.

ახალ კლინიკებს ხსნიან. მრავლდება ისე, როგორ წვიმის შემდეგ ტყეში სოკო. დღეს მილიარდერი უნდა იყო, კლინიკა რომ გახსნა. ამას ხსნიან პარლამენტარები, სხვადასხვა უწყების მინისტრის მოადგილეები და საყოველთაო ჯანდაცვიდან ითვისებენ ფულს.
ოფიციალურად მივწერე ჩვენს მინისტრს დავით სერგეენკოს, რომელსაც ძალიან დიდი პატივს ვცემ. მან ეს კლინიკა შეამოწმა და 10 000 ლარით დააჯარიმა, მაგრამ ისევ გრძელდება იგივე. ამიტომ გული გამიტეხეს. 

რომელ კლინიკაზე საუბრობთ?

შპს „პირველი კლინიკა“. წარმოგიდგენიათ, სასწრაფო დახმარების მთავარ ექიმად დანიშნული ჰყავდათ მცხეთის პოლიციის უფროსი ბუთხუზი.

თავის დროზე ეს კლინიკა სარდაფში, სადაც კომუნისტების დროს მიმღები განყოფილება იყო... თვეში 285 000 ლარად იქირავეს და სასწრაფოს დღეში 70 – 80 ავადმყოფი მოჰყავს, ჩვენთან კი ინფარქტიანები არ მოჰყავთ. იქ 1000 კვადრატულში აქვთ „ემერჯენსი“, რეანიმაცია, ნეიროქირურგია, ტრავმატოლოგია და კარდიოლოგია... მინისტრმა დააჯარიმა, მაგრამ იმის მაგივრად მოეთხოვათ პასუხი ბუთხუზისთვის, მიადგენენ და თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ამის შემდეგ, როგორ უნდა დავუჭირო ვინმეს მხარი?!

თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელ მოადგილეზე, გიორგი ბუთხუზზე საუბროთ?

დიახ! მან შექმნა მანკიერი წრე. ადრე ტერიტორიული პრინციპით და რიგითობით მოჰყავდათ ავადმყოფები. მაგალითად, მე ვიყავი მორიგე, სამშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით. სხვა კლინიკები სხვა დღეებში იყვნენ და არავის პრეტენზია არ ქონდა. ახლა ეს რიგითობა და ტერიტორიის გრაფიკი დაირღვა. ბუთხუზმა თვითონ შექმნა ეს მანკიერი წრე.

დაინტერესდით, ნახეთ რამდენი აქვთ ტრადიციულ კლინიკებს გამომუშავება და რამდენი სარდაფში გახსნილ კლინიკას და მიხვდებით ყველაფერს. თანაც ჩემთან ინტენსიური სახელმწიფოსთვის ღირს 140 ლარი, მაგათთან კი 500 ლარი და გადაჭედილია კლინიკა. ჩემს კლინიკაში ჩემი ავტორიტეტით წვება ავადმყოფები.

ანუ გარკვეულ კორუფციულ გარიგებას აქვს ადგილი?

ბუთხუზს პირდაპირ ვადანაშაულებ იმაში, რომ შექმნა კორუფციული მექანიზმი, რაც სპობს ქართულ მედიცინას. ამაზე მთავრობამ არ მიიღო ზომები.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს „ნაცები“ იქნებიან, „ქოცები“ იქნებიან, „ტრადიციონალისტები“ თუ ვინ იქნება, მთავარია ქართული საქმე აკეთონ და მედიცინა არ გახადონ ბიზნესის დარგად. ეს მინდა, მე მეტი სხვა პრეტენზია არ მაქვს.

გამოითხოვეთ ინფორმაციები რამდენი ავადმყოფი შესდის 5 თვის გახსნილ კლინიკას. თან ფასები, სახელმწიფომ ხომ უნდა იფიქროს... ინგლისის ბიუჯეტი ვერ გაუძლებს იმას რასაც საქართველოს საყოველთაომ უნდა გაუძლოს. ამაზე მტკივა გული, თორემ, მე ამათი მტერი არ ვარ. ვეუბნები სიმართლეს, მომხედეთ, ასეთ დღეში ვარ, ჩემს კოლეგებს ეშინიათ ამის ხმამაღლა თქმის, ყველა ამბობს, რომ ვთქვა ის ავადმყოფიც დამეკარგება რომელიც შემოდისო და ვერ გამოვალ, ვერ დაგიდგები გვერდშიო.

"აიპრესი" ანზორ მელიას მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი ბუთხუზს დაუკავშირდა. 

„აღარ ვაპირებ კიდევ ერთხელ დავუბრუნდე ამ საკითხს, რადგან კონკრეტული პიროვნების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ამ თემაზე მე არაერთხელ ვისაუბრე, მათ შორის სატელევიზიო ფორმატში და მოვითხოვე შესაბამისი მტკიცებულებებიც, თუმცა უშედეგოდ, რადგან ასეთი ბუნებაში არც არსებობს“, - განაცხადა ბუთხუზმა.