ჯერ კიდევ 3 წლის წინ, 2021 წელს, მარტვილში, სამღვდელო მსახურების ჩაშლის მცდელობა იყო და იქ აივნიდან გადმოცვივდნენ ჟურნალისტები და ვნახეთ ეს ამაზრზენი ფაქტები, მაშინ განვაცხადე, რომ წინ გველის ეკლესიაზე შეტევის ახალ-ახალი ტალღა, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ხატთან დაკავშირებით იყო ატეხილი ამბავი, მაგრამ ეკლესიაში შევარდნის იდეა გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე სტალინის გამოსახულებას აღმოაჩენდნენ. სტალინის გამოსახულება მხოლოდ მიზეზი გახდა იმისი, რომ შემდგომში მომხდარიყო რაც შეიძლება მეტი საზოგადოებრივი აზრის მიმხრობა და ვანდალიზმის გამართლება. ძნელად წარმოვიდგენდით, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ლიბერალური მხარე, ასეთი მონდომებულია, რომ ტოლერანტობასა და თანასწორობაზე ისაუბროს და არა ძალადობაზე, ჩვენ ეს გაუგონარი ვანდალიზმი ვიხილეთ. მთელი ეს სპექტრი ამაზე დუმდა, არც ერთი შეფასება ადეკვატური, რომ ეს იყო ვანდალიზმი მათ არ გაუკეთებიათ. ამიტომ ეს არის დიდი ბრძოლისა და თანმიმდევრული ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგაა“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.
მოგვიანებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის.