თამაზ გინტური იმ ბევრი გულანთებული ადამიანიდან ერთ-ერთია, რომლის გაფრთხილებასაც ვცდილობდი, ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თამაზ გინტურის მსგავს ადამიანებს ვერ გავუფრთხილდით.
„ჩვენ ასეთ ხალხს ვერ გავუფრთხილდით. ეს არის იმ ბევრი გულანთებული ადამიანისგან ერთ-ერთი, რომლის გაფრთხილებასაც ვცდილობდი, წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ“,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა დაუფიქრებელი ნაბიჯი ლომისის ეკლესიაში შესვლა, ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა: „არა, მე ვამბობ, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯია, როდესაც ისე ვამწვავებთ სიტუაციას, რომლის მართვა შემდეგ არ შეგვიძლია, რისკის ქვეშ ვაყენებთ ხალხს“.
მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიების უსამართლოდ ოკუპაციას, არაერთი მსგავსი ტრაგედია მოჰყვა.
„ეს არის დიდი ტკივილი, ტრაგედია. საქართველოს ტერიტორიების უსამართლოდ ოკუპაციას, არაერთი ასეთი ტრაგედია მოჰყვა. ასეთი ვაჟკაცური გული, ასეთი ვაჟკაცი ამას იოლად ვერ აიტანს. ღმერთმა ქნას, რომ ეს ბოლო იყოს. ყველას ვუსამძიმრებ“, - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ: თამაზ გინტური 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა 9 ნოემბერს ქართულ მხარეს გადმოსცეს.
თამაზ გინტური დღეს სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს.