საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება "ალტ ინფოს" წარმომადგენლის ბექა ვარდოსანიძის შეფასებას, რომელიც მან საპატრიარქოს მიერ განცხადებასთან დაკავშირებით გამოთქვა და მას "საპატრიარქოს სამარცხვინო განცხადება" უწოდა.
"საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და მინდა განვმარტო კიდევ ერთხელ, რომ, ყველა ის განცხადება, რაც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დაიდება ყოველთვის არის პატრიარქთან შეთანხმებული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზეც ვრცელდება.
ხოლო როდესაც საკითხი დაბალი რანგისაა, სამსახური თავისი სახელითაც ავრცელებს განცხადებას, და თავადაა პასუხისმგებელი, თუმცა ლოცვა-კურთხევის გარეშე არ ხდება ეს.
უკანასკნელი განცხადება პატრიარქთანაა შეთანხმებული. თავად განსაჯეთ რას აკეთებს ეს ადამიანი და რამდენად სანდოა ეს გზა" - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსლეში.
საქართველოს საპატრიარქო დღევანდელი განცხადების მიხედვით აცხადებს: მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ
9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს
შეგახსენებთ: 6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი თქმით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა ისევ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, გიორგი კანდელაკმაც. მოგვიანებით, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა: ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა განაცხადეს, რომ რუსი წმინდანის ხატი სამების ტაძარს მათ შესწირეს.