ამირან გამყრელიძე: განხილვის პროცესშია შაბათ-კვირის შეზღუდვები, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა

1604694258
"შეზღუდვების გაძლიერება ერთმნიშვნელოვნად იქნება, დღესაც საკოორდინაციო საბჭოზე იხილებოდა, სხვადასხვა შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობები. მიმდინარეობდა განხილვა და დარწმუნებული ვარ, რომ სრული ლოკდაუნი არ იქნება, როგორც გაზაფხულზე, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება.
ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კოვიდის მართვის პოლიტიკა მსოფლიოში გაზაფხულის შემდეგ უკვე შეცვლილია.
"სრული ლოკდაუნი, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა მასშტაბურ შეზღუდვებს გულისხმობს, რაც ამ ეტაპზე არ განიხილება. კოვიდინფექციის მართვის პოლიტიკა, ზოგადად, შეიცვალა მსოფლიოში და ახლა არის ბალანსირებული მართვა.
წერტილოვან შეზღუდვებს, მაგრამ საკმაოდ დროულ და მკაცრ სამედიცინო დახმარებას გულისხმობს ეს ბალანსირებული მართვა. ეს დანის პირზე სიარულს ჰგავს და ამას აკეთებს საქართველოც.
შეზღუდვები რაც დაწესდა რესტორნებზე, პირბადეებზე, დისტანციურ სწავლებაზე და ა.შ ამას უნდა დაემატოს მობილობის დაცემები და ამაზე მიმდინარეობს მსჯელობები. ეს გახლავთ შაბათ-კვირის შეზღუდვები, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა და ბევრი სხვა. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, ვიცი რომ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, დღევანდელ რეალობასთან იქნება ახლოს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.