საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
მინისტრმა გამარჯვებულ მონაწილეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ, დიპლომებთან ერთად, სპეციალური პრიზები გადასცა.
ალექსანდრე წულაძე: „აქ ძალიან ბევრი გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდა შეიკრიბეთ – ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა და გისურვებთ, რომ სულ ასეთი წარმატებით და მიღწევებით გაგეგრძელებინოთ ცოდნის გაღრმავება და ცხოვრების გზაზე სვლა.
როგორც იცით, ჩვენმა ნაკრებმა ქვეყნის სახელით საერთაშორისო ოლიმპიადებზე უკვე იასპარეზა. მჯერა, ჩვენი მოსწავლეები საქართველოს კიდევ ბევრჯერ ასახელებენ და არაერთ გამარჯვებას მოგვიტანენ.
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მადლობა თითოეულს ამ წარმატებისთვის! დარწმუნებული ვარ თქვენს შესაძლებლობებში და იმედი მაქვს, თქვენი ცოდნითა და შემართებით საქართველოს უკეთესი მომავლის შენების საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ.“
ღონისძიების ფარგლებში 50-მდე მოსწავლე დაჯილდოვდა – პირველ ათეულში მოხვედრილ მოსწავლეებს სასაჩუქრე ვაუჩერებიც გადაეცათ.
2023-2024 სასწავლო წელს ოლიმპიადაში 26 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. აქედან, მეორე ტურში 7000-ზე მეტი მონაწილე, მესამე ტურში კი 600 მოსწავლე გადავიდა.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს ატარებს. პირველი ტური ელექტრონულად ტარდება და სურვილისამებრ მასში ყველა სკოლა ერთვება. ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და იმ ნაკრები გუნდებისთვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან.