ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

როგორც მთავარეპისკოპოსი იოანე წერილში აღნიშნავს, პატრიარქის გარდაცვალების ამბავი „ღრმა მწუხარებით“ მიიღო და ის  „უძვირფასეს ძმად და თანამოსაყდრედ“ მოიხსენია.

მღვდელმთავრი იოანე გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს.

მთავარეპისკოპოსის განცხადებით, პატრიარქი ილია II თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს ეკლესიას „სიბრძნით, მოთმინებითა და ღრმა რწმენით“.

მისი თქმით, განსვენებული მღვდელმთავარი გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათით, მართლმადიდებლური ტრადიციებისადმი ერთგულებით, მრევლისადმი სიყვარულითა და მართლმადიდებლობის ერთიანობისადმი მტკიცე თავდადებით.

მთავარეპისკოპოსმა იოანემ სამძიმრის წერილში აღწერა პატრიარქის მოღვაწეობის რთული ისტორიული გარემოებებიც.

„ილია II-მ ეკლესიის მართვა საბჭოთა რეპრესიების პერიოდში დაიწყო და საკუთარ სამწყსოს „თავდადებითა და კეთილგონიერებით“ უძღვებოდა, რამაც ხელი შეუწყო ეკლესიის აღორძინებას, ტაძრების აღდგენასა და სარწმუნოებაში დაბრუნების შთაგონებას“, – ნათქვამია წერილში.