ბოლო პერიოდში თბილისში, მშვიდობის ხიდის შენახვის ხარჯები კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. რა უჯდება თბილისის მერიას ხიდის შენახვა, რა დაჯდა მისი მშენებლობა და დაირღვა თუ არა სატენდერო პირობები მისი მშნებლობისას ამ კითხვებით "აიპრესმა" თბილისის მერიას მიმართა. როგორც მერიაში განმარტავენ, ხიდის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად, ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდმა სახელმწიფო შესყიდვების ყოველგვარი სატენდერო პროცედურების გარეშე, კონტრაქტორ კომპანიებთან პირდაპირი ხელშეკრულებები გააფორმა მოლაპარაკების საფუძველზე. მისი მშნებელობა კი 50 მლნ ლარი დაჯდა.

"თბილისში, მდინარე მტკვარზე რიყესთან მდებარე საფეხმავლო მშვიდობის ხიდის მშენებლობის პროექტი, მერიის დაკვეთით ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ 2009 წლის მარტში დაიწყო და 2010 წლის მაისში დასრულდა.

მშვიდობის ხიდის მშენებლობის პროექტში ქართულ მხარესთან ერთად, ძირითადად უცხოური კომპანიები იყვნენ ჩართული. პროექტის ავტორი იტალიელი არქიტექტორი მიკელე დე ლუკია, ხოლო კონსტრუქციული ნაწილი ასევე იტალიურ კომპანია „ფავერო ენ მილანს“ ეკუთვნის. განათების დიზაინი ფრანგმა ფილიპ მარტინომ შექმნა.

მშვიდობის ხიდის სამშენებლო სამუშაოები რიყის ტერიტორიაზე განხორციელდა, 2 კომპანიის - „ჩიმოლაის“ და „პერმასტელიზას“ მიერ, რომელნიც იყვნენ ძირითადი კონტრაქტორები და მათ ასევე დაქირავებული ყავდათ სხვადასხვა ქვეკონტრაქტორები. ხიდის სამშენებლო სამუშაოებში, ასევე იყო ჩართული ჰოლანდიური კომპანია „პრომო“, რომელმაც ელექტრო მოწყობილობები დაამოტაჟა.

ხიდი კონსტრუქციულად ხმელეთზე აიგო, შეიმინა და დასრულებული სახით ბელგიური კომპანია „სარენსის“ მიერ იქნა გადატანილი სპეციალური ტივტივა მოწყობილობის მეშვეობით მტკვარზე.

ხიდი კონსტრუქციულად ლითონის ბადურა კარკასს წარმოადგენს, რომელიც მთლიანად პანელებითაა შემინული და 150 მ2 ფართობის მქონე სახურავით ეფარება საფეხმვლო ბილიკს. 156 მეტრი სიგრძის ხიდი მდინარის თავზე 5 მეტრი სიგანისაა, ხოლო ბოლოებისკენ დაახლოებით 2 მეტრამდე.

მშვიდობის ხიდის მშენებლობა 2010 წლის მაისის დასაწყისში დასრულდა. მისი საერთო ღირებულება საპროექტო და სამშენებლო ხარჯების ჩათვლით 50 მილიონი ლარია.

ხიდის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად, ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდმა სახელმწიფო შესყიდვების ყოველგვარი სატენდერო პროცედურების გარეშე, კონტრაქტორ კომპანიებთან პირდაპირი ხელშეკრულებები გააფორმა მოლაპარაკების საფუძველზე", - განმარტავენ თბილისის მერიაში.