300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, თვითდასაქმებულები დარეგისტრირებას 21 მაისიდან შეძლებენ.
როგორც "აიპრესს" დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, თვითდასაქმებულები დარეგისტრირებას 21 მაისიდან შეძლებენ. ყველა საჭირო პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ კვირის განმავლობაში უწყების მიერ გახდება ცნობილი. ამასთან, დაწყებულია ონლაინპლატფორმის შექმნაც. შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გამართა. პრემიერის თქმით, თვითდასაქმებული ან არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში, მთავრობისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, 300 ლარს მიიღებენ. პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარია განმარტებით, თვითდასაქმებულები და არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანები სახელმწიფოსგან დახმარებას კონკრეტული საბუთის წარდგენის შემდეგ მიიღებენ:  "დამლაგებლისთვის ორგანიზაციის წერილი სადაც ის ალაგებდა, მოვაჭრისთვის ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი სადაც შრომობდა, რაიმე სახის გადასახადები საბანკო ანგარიშიდან, რაც ადასტურებს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უდასტურდებოდა, ჩვენთვის ესეც საკმარისი იქნება, რომ დახმარება გავცეთ ....ესეთი ელემენტარული დოკუმენტები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სოციალური დაცვის სააგენტომ გაითვალისწინოს და დახმარება გასცეს", - თქვა გიორგი გახარიამ.